English / ქართული /








Journal number 4 ∘ Nino Zurashvili
Urbanization Processes in the Modern World

The article discusses urbanization process in the modern world. What factors drive the growth of urbanization level throughout the world? What factors affect the process of urbanization in Europe? The article discusses how the big cities of Europe respond to this challenge. The article suggests the ways of urban development without ecological damage. The World Bank directives and recommendations for urbanization process are offered.

The article discusses the urbanization processes in Georgia. What are the positive and negative sides of urbanization in Georgia?

Keywords: Urbanization; Cities; Planning of Cities; Ecology; Infrastructure.

JEL Codes: O18, R23, J11

ურბანიზაციის პროცესები თანამედროვე მსოფლიოში

წინამდებარე სტატიის მიზანია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესების შეფასება და ანალიზი. ურბანიზაციის პროცესის გავლენის შეფასება ქალაქების განვითარებაზე. სტატიაში წარმოჩენილია ურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი გავლენა ქალაქების შემდგომ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობაზე. სტატიაში შეფასებულია საქართველოში ურბანიზაციის ზრდის გამომწვევი ფაქტორები; ასევე უარყოფითი და დადებითი გავლენა, რომელსაც ახდენს ურბანიზაცია თბილისსა და მთლიანად საქართველოზე.

საკვანძო სიტყვები: ურბანიზაცია; ქალაქები; ქალაქის დაგეგმარება; ეკოლოგია; ინფრასტრუქტურა.

ურბანიზაციის მიმდინარე პროცესები მსოფლიოში

მსოფლიოში სულ უფრო მეტად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. ურბანულ ზონებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის სიმჭიდროვე. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 3.5 მლრდ. ადამიანი ურბანულ რაიონებშია განთავსებული. ლათინურ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქებში. მოსახლეობის 60% აფრიკაში ჯერ კიდევ სოფლად ცხოვრობს, აფრიკის კონტინენტი არ წარმოადგენს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას, მაგრამ იზრდება ურბანიზაციის დონე. აფრიკა არის ურბანიზაციის ზრდის სისწრაფით ერთ-ერთი პირველი რეგიონი [1].

სწრაფი ურბანიზაციის პროცესი მნიშვნელოვან სოციო-ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელი გახდა XX და XXI საუკუნეებისთვის. ურბანიზაციის სწრაფი პროცესი განაპირობებს პროდუქტსა და მომსახურებაზე მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილებას. მომხმარებლის მიერ გარემოს აღქმას. [2].

როგორც წესი, მშენებლობის ექსპერტები თანხმდებიან რომ მდგრადი განვითარების პირობებში ქალაქს უნდა შეეძლოს მოსახლეობის როგორც ამჟამინდელი, ასევე მომავალი თაობის მო მოთხოვნილებათა დაკმააყოფილება.

როგორ პასუხობს ქალაქები აღნიშნულ მოთხოვნას მიწაზე? - ხშირ შემთხვევაში, დეველოპერული კომპანიები ქალაქის პერიფერიულ არეებში ახალ ურბანულ ტერიტორიებს ქმნიან, რაც ქაოსურად ხდება და უარყოფით გავლენას ახდენს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების შემდგომ განვითარებაზე. მდგრადი განვითარების ქალაქები, რომელთაც გააჩნიათ განვითარების სამომალო გეგმები და პასუხობენ თანამედროვეობის გამოწვევებს, აქვთ გამოუყენებელი ტერიტორიები, რაც გათვალისწინებულია ქალაქის განაშენიანების დროს დაგეგმარების პროცესში და ქალაქს აძლევს საშუალებას განვითარდეს მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. ურბანული ზონის მაღალი სიმჭიდროვე ასოცირდება, ეკონომიკურ აღმავლობასა და სოციალურ ინტეგრაციასთან. როდესაც ქალაქის განაშენიანება ხდება ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც ბუნებას ადგება ნაკლები ზიანი და დაბალია დაბინძურების დონე, ეს ქალაქს აძლევს საშუალებას თავისსავე და მის მიმდებარედ არსებული თავისუფალი ტერიტორიები გამოიყენოს თავისივე განვითარებისთვის. მდგრადი განვითარების ქალაქებში ყოველთვის უფრო დაბალია დაბინძურების დონე. ურბანულ ზონებში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული. მათ სჭირდება უამრავი ტიპის საქონელი და მომსახურება, წყალი, სათბობი და საწვავი. ყველა საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მოსახლეობისთვის შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს გარემოსთვის. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მთლიანად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, საჭირო გახდება ნაგავსაყრელების დიდი რაოდენობა და ა.შ.

ურბანული მდგრადობა გულისხმობს იდეას, როდესაც ქალაქი შეიძლება ისე იყოს დაგეგმარებული, რომ მისი შემოგარენი და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს ქალაქის განვითარებისა და მისი განახლებისთვის. ამის მიზანია შეიქმნას სუფთა ეკოლოგიური გარემო, რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს ეკოლოგიური ზიანის მიყენება, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ქალაქის მიწა, მოხდეს ნაგვის ნარჩენების გადამუშავება, რათა რაც შეიძლება მინიმალური დოზით, ან კიდევ სრულიადაც არ გაუარესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. თანამედროვე მსოფლიოში მოსალეობის 50% ცხოვრობს ურბანულ არეებში, რაც 70%-მდე გაიზრდება 2050 წლისთვის. ეს იქნება საშინელი ცვლილება, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გავლენას მოახდენს იმ მილიონობით ადამიანზე, რომელიც საცხოვრებლად გადავა მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებში და ა.შ. ამგვარად, მსგავსი ტენდენცია გამოწვევაა როგორც ქალაქის მგეგმარებლებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის. სოციალური ურთი- ერთობები და გარემო არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გამოც მოსახლეობის დიდი მასა გადაადგილდება დიდ ქალაქებსა და ურბანულად მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში.

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ მეცნიერები ურბანულ რეგიონებში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ფაქტია, რომ ურბანული ტერიტორიები არის უფრო განვითარებული და მოთხოვნადი, ვიდრე სოფლისა და გარეუბნის ტერიტორიები, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან შედარებით შორს ცხოვრობენ და აგრეთვე შორს არიან საკუთარი სამუშაო ადგილისგან. როცა ადამიანები და რესურსები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, არსებობს უფრო დიდი შესაძლებლობა, რომ დაზოგილ იქნეს ენერგია, ხოლო რესურსები კი გამოიყენონ ეფექტიანად. ეს შეიძლება გახორციელდეს ეფექტიანი დაგეგმარების, მომსახურების, საქონლის ტრანსპორტირებისა და გამართული სატრანზიტო სისტემის შემთხვევაში. ქალაქების უპირატესობას წარმოადგენს, ასევე, იმ ადამიანების ერთად შეკრების შესაძლებლობა, რომლებსაც გააჩნიათ მონათესავე იდეები, რომელთაგან საუკეთესო იდეები შეირჩევა, რაც მიმართული იქნება განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობისკენ.

ამასთან, კვლავაც ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლოა მოვლენები მხოლოდ დადებითი კუთხით არ წარიმართოს ქალაქებში. ურბანიზაციის პროცესი უარყოფითად აისახება ქალაქისთვის, თუ არ არის ორგანიზებული სწორი დაგეგმარება, თუ ეკოლოგიური გარემო მკვეთრად უარესდება, შესაძლოა მოხდეს ჰაერისა და მიწის დაბინძურება და ა.შ .

საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ურბანული და რეგიონული განვითარება. რეგიონული განვითარება მოიცავს უფრო ფართო არეალს, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ქალაქი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ და შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი ტიპის პრობლემები და ეკონომიკური განვითარების დონე [3] .

ურბანიზაციის პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ ისეთ პროცესებს, რასაც მოჰყვება მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან ქალაქებში, არამედ ის არის პროცესი, რომელმაც უნდა მოიტანოს სარგებელი და დადებითი გავლენა იქონიოს გლობალურად ეკონომიკურ აღმავლობაზე. აღნიშნულის დადებითი ეფექტი უნდა აისახოს არა მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაზე, არამედ სოფლად მცხოვრებ ადამიანებზეც[4]. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მიგრაციულ პროცესებზე, პროდუქციასა და მომსახურებაზე, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე დიდ გავლენას ახდენს ურბანიზაციის პროცესი, რომელიც ქმნის საბოლოოდ გლობალურ ეკონომიკას[4].

ქალაქების ზრდა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნაციონალური ეკონომიკის აღმავლობისთვის, როგორც პროდუქციაზე შიდა მომხმარებლის მოთხოვნის ზრდისთვის, აგრეთვე ექსპორტის განვითარებისთვის.

ევროკავშირის მოსახლეობის 72% ცხოვრობს მეტროპოლისებში, ქალაქებსა და დაბებში [5]. გარემომცველი გარემო, რომელიც არის ურბანულ არეებში, გადამწყვეტია იქ მცხოვრები რეზიდენტებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და მომავლისთვის[6].

მწვანე ინფრასტრუქტურა არის მიმართულება, რომლის დასანერგად და განსახორციელებლად მუშაობენ ევროსტრუქტურები. ის წარმოადგენს ბუნების დაცვის, მწვანე საფარის გამრავლების ღონისძიებებს, რათა ურბანულ ზონებში დასახლებული მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი იყოს ცხოვრება არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარეც. მწვანე საფარი უზრუნველყოფს ჰაერის სისუფთავეს, ტემპერატურის რეგულირებას, ნაკლებ ხმაურს, რეკრეაციული ზონების არსებობა ხელს უწყობს მოქალაქეებს განტვირთვასა და დასვენებაში[7].

ურბანიზაციის პროცესის ცვალებადობაზე ევროპის კონტინენტზე გავლენას ახდენს შემდგი ძირითადი ხუთი ფაქტორი:

  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამშენებლო გარემო
  • ბუნებრივი გარემო
  • მთავრობა

დიაგრამაზე (1) წარმოდგენილია ფაქტორები, რომლებიც შეადგენენ რეზიდენტებისა და არარეზიდენტებისთვის მამოტივირებელ ელემენტებს დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი და მოახდინონ ურბანულ არეებში მიგრაცია.

ევროპის ურბანული ცვლილებების განმსაზღვრელი ფაქტორები [5]

დიაგრამა 1

 

მსოფლიო ბანკი ურბანული მდგრადობის განვითარებისთვის გამოყოფს სამ მიმართულებას:

1. ქალაქის ფინანსების, დაგეგმარების პროცესისა და სამთავრობო სისტემის გაძლიერება;

2. ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ადგილები თუ ბუნებრივი გარემო;

3. ურბანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესის გაუმჯობესება, არსებული მიწის ისე გამოყენება, რომ ქალაქს დარჩეს განვითარების შესაძლებლობები, შეძლოს მომავლის მოთხოვნებს უპასუხოს და არ მოექცეს ეკონომიკურ თუ ბუნებრივ კოლაფსში.

მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ქალაქებისა და ურბანული განვითარებისთვის აუცილებელია ყურადღება მიეპყროს შემდეგ მიმართულებებს [7]

  • ქალაქებისა და ეკონომიკის ზრდა;
  • ურბანული სიღარიბის მართვა;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და მომსახურება;
  • ხელმისაწვდომი მიწა და საცხოვრებელი სახლები;
  • ურბანული მენეჯმენტი, ფინანსები და მთავრობა;
  • ქალაქები და ურბანული გარემო.

მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აგრეთვე ქალაქების მიერ ჰაერისა და ბუნებრივი გარემოს აღდგენა - გაუმჯობესების პროცესებს. დაბინძურებული გარემო და ბუნება ხელისშემშლელი ფაქტორია როგორც ურბანიზაციის განვითარების, ასევე ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. XXI საუკუნის ტრენდია მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლა.

მსოფლიოს ურბანიზაციის პროცესი 1950 წლიდან 2050 წლამდე [8]

დიაგრამა 2

დიაგრამაზე (2) ასახულია ურბანიზაციის პროცესები მსოფლიოსა და რეგიონებში, ასევე ურბანიზაციის თანამედროვე ტენდენციებს. ჩინეთში, ინდოეთსა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში შენდება ახალი ქალაქები, რისთვისაც იყენებენ ეკოპროდუქტებსა და ახალ ტექნოლოგიებს, რათა მზარდმა მშენებლობებმა არ დააზიანოს ეკოლოგიური გარემო. მთავრობა გაიღებს ინვესტიციებს და თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან, რათა მშენებლობის პარალელურად, გამართული იყოს ინფრასტრუქტურა. სულ ახალ დასახლებებსა და ქალაქებს წარმოადგენს აბუ დაბის ახალი ქალაქი მასდარი, ჯაიპის სპორტული ქალაქი ინდოეთში, ქალაქი სეიჯონგი სამხრეთ კორეაში. თითოეული ქალაქი, რომელიც ახლა შენდება დაგეგმილია მომხმარებლის სამომავლო მოთხოვნების გათვალისწინებით.

სწრაფი ურბანიზაციის პროცესი მხოლოდ განვითარებადი ბაზრების ფენომენს არ წარმოადგენს. განვითარებული მსოფლიოს მეტროპოლისები იზრდება დიდი სისწრაფით. პროგნოზის მიხედვით, ლონდონის მოსახლეობა 2031 წლისთვის იქნება 10 მლნ, მაშინ როდესაც ამჟამად მხოლოდ 8.3 მილიონია [10]. განვითარებულ ქვეყნებში, მოთხოვნის ზრდა დიდ მეტროპოლისებში ცხოვრებაზე, უმეტესად განპირობებულია განვითარებად ქვეყნებში გამდიდრებულ მოქალაქეებით, რომლებსაც სურთ მდიდრული ცხოვრება ევროპაში. 2013 წელს ლონდონში განხორციელდა 35.7 მლრდ ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სამშენებლო ინდუსტრიაში, რაც იყო ამ წლისთვის ყვე- ლაზე დიდი ინვესტიცია მსოფლიოს მასშტაბით[11].

ურბანიზაცია საქართველოში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დაამყარა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან. კაპიტალიზმმა ქვეყანა ჩააბა საერთაშორისო სავაჭრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გლობალურ პროცესებში. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გახდა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტი, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელთაგან ერთად შეინიშნება ურბანული პროცესების გააქტიურება საქართველოში.

ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა ურბანიზაციის მაჩვენებელი. საქრთველოში ურბანული პროცესები გულისხმობს, არა მხოლოდ სასოფლო რეგიონებიდან ქალაქებში მოსახლეობის გადადინებას, არამედ − საქართველოს დანარჩენი ქალაქებიდან დედაქალაქში მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას. საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მიგრაციის მიზანია უკეთესი შესაძლებლობები დასაქმებისთვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, კარიერული წინსვლა, უკეთესი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა და ა.შ.

საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები [12]

ცხრილი 1

ცხრილში ნაჩვენებია ბოლო 10 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები. ნათლად ჩანს, რომ სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. სასოფლო დასახლებებში მაცხოვრებელ მოსახლეობას საშუალება მიეცა მოეხდინა მიგრაცია ქალაქებში, მას შემდეგ რაც გაუმჯობესდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა სოფელში ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი და თანამედროვე კომუნიკაციები. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დააჩქარა ურბანული პროცესები. საქართველოში ურბანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა რუსთავი-თბილისი-მცხეთის პოტენციური აგლომერაციის განვითარება, რომელიც, დღეს უკვე სრულიად თვალსაჩინოა თბილისის ურბანული განვითარების კონტექსტით. რუსთავიდან თბილისში ყოველდღიურად გადაადგილდება მოსახლეობა სამსახურებრივი, განათლებისა და სხვადასხვა ეკონომიკური და არაეკონომიკური მიზნით. თითქმის გაქრა ადმინისტრაციული საზღვარი თბილისსა და მცხეთას შორის. თბილისი სულ უფრო იზრდება მცხეთის მხარეს, ამის მაგალითია დიდი დიღმის თბილისის განაპირა უბნის ზრდა და განვითარება. მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის გამო, დიდი დიღომი ეკოლოგიურად სუფთა უბნად მოიაზრება, რის გამოც გაიზარდა მოთხოვნა მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც იშენებენ რეზიდენციებს დიდ დიღომში და სულ უფრო მეტად მიიწევენ მცხეთისკენ. მცხეთისა და თბილისის მაგისტრალზე გახსნილი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი” წარმოადგენს ეკონომიკურად აქტიურ ობიექტს, რომელიც სუბ-ურბანიზაციის კიდევ ერთი მაგალითია თბილისში.

მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების დონეზე არსებული „მეტროპოლიზაცია“, რომელიც მოიცავს სივრცით, ინსტიტუციურ და ეკონომიკურ განზომილებებს, ჯერ სრულიად უცხოა საქართველოსთვის. მიუხედავად ამისა, თბილისის მაგალითზე სრულიად ნათელია მნიშვნელოვნი სივრცითი ექსპანსია, გამოხატული მომიჯინავე დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. სავარაუდოა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება მათი შემოერთება ცენტრალური ქალაქის გაზრდილ მუნიციპალიტეტში.

როგორც წესი, თბილისშიც სუბურბანიზაციის ტენდენცია გამომდინარეობს ქალაქური ცხოვრების მომხიბვლელობასა და კერძო მიწის ნაკვეთსა და ინდივიდუალურ სახლში ცხოვრების ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის ბალანსისკენ ლტოლვით, რაც გლობალური მოვლენაა. სუბ-ურბანიზაციასთან ერთად ხდება ახალი ტერიტორიების ათვისება და ახალი სუბურბანული დასახლებების გაჩენა.

 ავტოპარკის შემადგენლობის ზრდის დინამიკა [14]

დიაგრამა 3

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ზოგადად სუბ-ურბანიზაციას, არის საკუთარი ავტომანქანის მფლობელობის წარმოუდგენელი ზრდა საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, რამაც ერთობლივად გაართულა ქალაქში თავისუფლად გადაადგლება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით (დიაგრ.3) მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოში ურბანიზაციის პროცესების დამაჩქარებელი გახდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რომელმაც მოიტანა სივრცითი დემოკრატია. მოქალაქეებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება, შეეძინათ საცხოვრებელი იქ, სადაც სურდათ.

ქვეყანაში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესები. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს სოფლად და გადადის დედაქალაქ თბილისში. ერთი მხრივ, ურბანიზაციის პროცესი არის დადებითი ტრენდი, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე განვითარებული ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ კი, ურბანიზაციის მაღალი დონე გარკვეული საფრთხეების შემცველია. ქაოსური განაშენიანება უარყოფითად აისახება ქალაქის იერსახეზე, გავლენას ახდენს ეკოლოგიურ ვითარებაზე. ეკოლოგიური და არქიტექტურული პრობლემები უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება დედაქალაქის სამომავლო განვითარებისთვის. თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნება 2017 წლის ბოლომდე, იმედია გაითვალისწინებს ქალაქის განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც ხელს შეუწყობს მის მწვანე და „ჭკვიან“ ქალაქად ჩამოყალიბებას.

* * *

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არც თუ შორეულ მომავალში, თითქმის აღარ იარსებებს სასოფლო ტერიტორიები, ადამიანები იცხოვრებენ მხოლოდ ქალაქებში. ასეთი რეალობა რთული გამოწვევაა ქალაქებისა და მათი მთავრობებისთვის. ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს თითოეული სამშენებლო პროექტის განხორციელება ქალაქებში, მითუმეტეს დედაქალაქში. ურბანიზაციის პროცესებისთვის მნიშვნელოვანია გზების, სარკინიგზო მაგისტრალებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ინფრასტურქტურულ პროექტებზე ინვესტიციების ოდენობა მომავალი 20 წლის განმავლობაში 1 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება. მსოფლიოს მნიშვნელოვან განვითარებად ბაზრებზე [14]. დეველოპერული კომპანიები და ადგილობრივი მთავრობები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ადეკვატური ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და ჩვენი დედაქალაქი თბილისი. თბილისის მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ქალაქი გახდეს უფრო მწვანე და ამავდროულად დარჩეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი. აუცილებელია შეიქმნას ქვეყნის ურბანული მომავლის გეგმა, სადაც აღწერილი იქნება თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ დედაქალაქ თბილისის, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებისა და მთლიანად ქვეყნის განვითარება.

ლიტერატურა:

1. “Make cities inclusive, safe, resilient and sustainable” http://www.un.org/ sustainabledevelopment/cities/ nanaxia: 15.10.2016.

2. Adriana Allen „Sustainable cities or sustainable urbanisation?” Journal of sustainable cities, 2009 www.ucl.ac.uk/sustainable-cities

3. Ö. Özçevik, C.A. Brebbia, S.M. Şener „Sustainable Development and Planning” Great Britain, 2015 .

4. Montgomery, Mark; Richard Stren; Barley Cohen and Holly E Reed (eds) 2. (2004) ‘Cities Transformed. Demographic Change and Its Implications in the Developing World’, Earthscan, London.

5. EC (2014), Conferences CiTIEs – Cities of Tomorrow: Investing in Europe, in: Background annex, Brussels, 17 and 18 February 2014, accessed 24 June, 2014.

6. “Urban systems” 2015 http://www.eea.europa.eu/soer-2015/europe/urban-systems№tab- based-on-indicators nanaxia: 25.

7. “UrbanDevelopment” http://www.worldbank.org/en/topic/urbandevelopment/ overview№2 25.06.2017.

8. United Nations, Department of Economic and Social Affairs, Population Division (2012).

9. World Urbanization Prospects: The 2011 Revision.

10. Financial Times, ‘London & the World: the future of the city’, December 2013.

11. Jones Lang LaSalle, Global Capital Flows Report, Q4 2013.

12. www.geostat.ge

13. www.police.ge

14. The Infrastructure Challenge for Emerging Markets, RBS/Cambridge University, October 2011.